საზოგადოება
06.02.2026 12:57
თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადები წელსაც მიიღება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.

პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებს, ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

დევნილები და ეკომიგრანტები 4000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩევენ.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, მე-17 მ/რ, N20ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

დაინტერესებული პირები პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას, ასევე შეძლებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების სამმართველოს ტელეფონის ნომრებზე: 032 2 14 02 41 ან 557 72 91 31.

კვირის ამბები