
4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღის აღნიშვნა დაავადების შესახებ პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კიბოს პრევენციის და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები სახელმწიფო პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. კერძოდ, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომია. ფინანსდება როგორც ონკო-ქირურგია, ისე ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიები.
„მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების მიზნით, სახელმწიფომ გაზარდა ქიმიოთერაპიის სერვისების მოცულობა და ტარიფები, რასაც სახელმწიფო, კლინიკებს ონკოპაციენტთა მომსახურებისთვის უნაზღაურებს. სერვისები პაციენტებზე მეტად მორგებული გახდა: გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტები იმავე სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემა, სადაც პროცედურა ტარდება, რის შედეგადაც პაციენტებს აღარ უწევთ აფთიაქში მისვლა. ონკოლოგიურ პრეპარატებზე მოიხსნა 25 000-ლარიანი ლიმიტი. ასევე ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი, რაც მკურნალობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
სახელმწიფო, ასევე სრულად აფინანსებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგს, პროსტატის კიბოს ადრეულ გამოვლენას.
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამა გთავაზობთ უფასო კვლევებს შემდეგი ტიპის კიბოს დასადგენად:
ძუძუს კიბო - მამოგრაფია 40-70 წლის ქალებისთვის;
საშვილოსნოს ყელის კიბო - PAP ტესტი 25-30 და აპვ დნმ-ის განსაზღვრის ტესტი 30-60 წლის ქალბატონებისთვის;
მსხვილი ნაწლავის კიბო - სკრინინგი 50-70 წლის ქალებისა და მამაკაცებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, ასევე ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკას და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, პროტონოთერაპიას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.