
3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.