
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების კამპანიის - „მე მომავალში“ ფარგლებში, შიდა ქართლში არსებულ საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართება.
როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში აცხადებენ, კამპანიის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
„კამპანია „მე მომავალში“ - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით იმართება. მიმდინარე წელს ღონისძიებას საქართველოს სპორტის სამინისტროც შეუერთდა, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი.
კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მეექვსე-მეცხრე კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში. მიმდინარე წელს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების კამპანია ჯამში 100 საჯარო სკოლას მოიცავს“, - აცხადებენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში.