
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ გასაჩუქებელი ძაღლების სავალდებულო ჩიპირება დაიწყო.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ცხოველთა ჩიპირებას „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი არეგულირებს და მოქალაქე, რომელსაც სურვილი აქვს სააგენტოდან ძაღლის აყვანა (ჩუქება), ვალდებულია, შერჩეული ცხოველი დაჩიპოს და სააგენტოში დაარეგისტრიროს.
„ჩიპირება წარმოადგენს ცხოველის იდენტიფიკაციის თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდს, სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და მოქალაქე ვალდებულია, ძაღლის რეგისტრაცია (დაჩიპვა) სააგენტოში განახორციელოს. პროცედურის ღირებულება კი 19 ლარია.
რაც შეეხება ჩიპირების მნიშვნელობას, ჩიპი უზრუნველყოფს ცხოველის იდენტიფიკაციას და მფლობელთან დაკავშირებას, დაკარგვის შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად იზრდება ძაღლის პოვნის და დაბრუნების შანსი, ასევე ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი მფლობელობის ჩამოყალიბებას, ამარტივებს ვეტერინარულ აღრიცხვას და კონტროლს.
სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ შინაური ცხოველის აყვანას და გაითვალისწინონ ჩიპირების აუცილებლობა, როგორც ცხოველის უსაფრთხოების და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - აცხადებენ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში.