საზოგადოება
02.02.2026 16:27
თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას აგრძელებს, რეზერვში მიღება ანაზღაურებადია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, ტერიტორიულ რეზერვში 18-დან 51-წლამდე ასაკის საქართველოს ის მოქალაქეები მიიღებიან, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური; არ იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე; არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ან არიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც სამხედრო სამსახური არ გაუვლიათ.

„ტერიტორიულ რეზერვში გაწვევა ხდება ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) პრინციპით. ჩარიცხვა კი ნებაყოფლობითი, ანაზღაურებადია (რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 7782 ლარს შეადგენს). რეზერვისტი, ასევე ისარგებლებს ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს. ამასთან, რეზერვის შეკრების განრიგი მოქნილი და მორგებულია საჯარო სამსახურში დასაქმებულებსა და უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტების გრაფიკზე. რეზერვში ჩასარიცხად, რეკრუტირების შერჩევის პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ, მოქალაქე წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად“, - აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომრებზე: 595 05 06 85; 595 05 06 73; (032) 2 75 26 44

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინაც, ვებ გვერდზე: ONLINEBCT. MOD. GOV. GE.

კვირის ამბები