
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელის, უფლისციხის, ხიდისთავის, ტინისხიდის და ოთარშენის მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავენ და 2026 წელს განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით შეარჩევენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს წევრებთან ერთად, რამდენიმე სოფელში უკვე იმყოფებოდა და აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შერჩევის პროცესს გაეცნო.
როგორც კონსტანტინე ბუზალაძემ აღნიშნა, ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობა ყველაზე ეფექტური გზაა რეალური საჭიროებების სწორად განსაზღვრის და პროექტების გონივრულად დაგეგმვისთვის.
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული სოფლის მცხოვრების მოსმენა და მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა. სწორედ ამიტომ, შეხვედრების ფორმატი საშუალებას გვაძლევს, უშუალო კომუნიკაციის გზით უკეთ განვსაზღვროთ პრიორიტეტები.
შეხვედრებზე მოსახლეობა თავად ირჩევს იმ პროექტებს, რომლებიც მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება. ეს პროცესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოქალაქეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ჩვენი სოფლების განვითარებაში.
შეხვედრების ფარგლებში ვსაუბრობთ როგორც სამომავლო ინიციატივებზე, ისე უკვე დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს.
გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, ვინც აქტიურად მონაწილეობს შეხვედრებში და ჩართულია საკუთარი სოფლის განვითარების პროცესში“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
შეგახსენებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა თავად შეარჩევს და 2026 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
შეხვედრები 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.