
მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის ცოფით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ცხოველის მეპატრონეს, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება.
კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად; ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში; ცხოველის მეპატრონე რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.
„ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ მეპატრონემ დროულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რაც ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით. კომპენსაციის ოდენობას, მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალურად შექმნილი კომისია ადგენს“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეპატრონეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაშიც მიიღებენ.