
Fruit Attraction 2026 - საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 2026 წლის 11 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ ხილის, ბოსტნეულის, კაკლოვანი კულტურების, სუნელების და სხვა, გამოფენის შინაარსის შესაბამისად მოქმედი კომპანიები.
„საერთაშორისო გამოფენა - Fruit Attraction 2026, 6-8 ოქტომბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.
Fruit Attraction ხილის და ბოსტნეულის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც აერთიანებს დარგის პროფესიონალებს, საერთაშორისო ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს მსოფლიოდან. გამოფენა მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები, გააფართოონ ბაზრები და წარუდგინონ პროდუქცია გლობალურ აუდიტორიას.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობდა 2 400-ზე მეტი კომპანია 64 ქვეყნიდან და 121 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება მონაწილეობას, გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს; წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები; არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა და სახელმწიფოს მიმართ არ უნდა ჰონდეს საგადასახადო დავალიანება.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.