
4 თებერვლის ნაცვლად, დღეს, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 130-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი.
ანთაძის განცხადებით, 22 დეკემბრიდან დღემდე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
,,დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარ თემას ჩვენთვის წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 13 პირი და ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პუნქტს სწორედ აღნიშნული პირების გათავისუფლება წარმოადგენს.
ასევე განვიხილავთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს.
რაც შეეხება ინციდენტებს, შეხვედრებს შორის პერიოდში, ანუ 22 დეკემბრიდან დღემდე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია, ეს იშვიათი მოვლენაა და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იყო განპირობებული მხოლოდ ამინდით და მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია.
წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონოდ დაკავების 6 შემთხვევა“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.