
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტები ტესტირების გასავლელად უნდა გამოცხადდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ქ. თბილისი, მინდელის ქუჩა N9). რეგისტრაცია 13:00 საათზე, გამოცდა კი 14:00 საათზე დაიწყება.
ტესტირება ელექტრონული ფორმატით ჩატარდება და წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს.
„გამოცდა მნიშვნელოვანი მექანიზმია ობიექტური და სტანდარტიზებული შეფასებისთვის, რაც კანდიდატების საგანმანათლებლო პროცესში თანაბარ ჩართულობას და მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე ტესტირების სისტემა ხელს უწყობს, როგორც სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ისე ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებას“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცნობისთვის, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდა 2019 წლიდან ტარდება. ტესტირების მიზანი იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასებაა, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.