
გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ათ სოფელში იმყოფებოდა და აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შერჩევის პროცესს გაეცნო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ზემო და ქვემო ხვითში, ზემო და ქვემო ნიქოზი, ფხვენისში, შინდისში, ყელქცეულში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით უკვე შეარჩიეს.
„თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში შეარჩევენ და 2026 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 19 თებერვლის ჩათვლით გრძელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.