საზოგადოება
28.01.2026 13:44
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადები 27 თებერვლის ჩათვლით მიიღება

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს დაუფინანსებს. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს მიგრანტები თავად შეარჩევენ. ამავე პროგრამის ფარგლებში, სააგენტო არასრულწლოვნებს სპორტულ და შემოქმედებით კურსებსაც უფინანსებს. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში კი განაცხადები 10 თებერვლის ჩათვლით მიიღება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გორში მცხოვრებმა დაინტერესებულმა პირებმა, საჭირო დოკუმენტაცია სამების ქ. N1-ში უნდა წარადგინონ.

კვირის ამბები