
გორის მუნიცპალიტეტში, ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები ქალებისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსის - „შემოსავლების მომტანი საქმიანობების ხელშეწყობა ქალებისთვის“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნეს, სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსი და შერჩეული ინიციატივები ქალების ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას და სოფლის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, კონკურსის შედეგად 19 გამარჯვებული პროექტი შეირჩა, რომელთა მხარდაჭერისთვის საგრანტო დაფინანსება, ჯამში, 8 475 ლარს შეადგენს. დაფინანსებული ინიციატივები კი ხელს შეუწყობს ტურისტული ბიზნესის და შინამეურნეობის განვითარებას.
„ტანას აღკვეთილის მიმდებარე მოსახლეობისთვის აღნიშნული საგრანტო კონკურსი მეორე ეტაპია, რაც ხაზს უსვამს პროგრამის ეფექტიანობას და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესს. მსგავსი საგრანტო ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის და არსებულის გაფართოების პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე საგრანტო პროგრამები, რომლებიც ადგილობრივებს შემოსავლების წყაროს გაჩენას და საკუთარი საქმიანობის განვითარებაში ეხმარება“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ცნობისთვის, კონკურსი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის და KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.