საზოგადოება
26.01.2026 16:35
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ქართველ მწარმოებლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში, ქართველ მწარმოებლებს შეხვდა.

კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა და როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ბიზნესი თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, შემოდის მთავრობის სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს ფასების კლებაში.

მთავრობის მეთაურმა ქართული წარმოების პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და ფასების კლების კუთხით არსებულ რესურსებზე ისაუბრა.

„გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი - არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30 %-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის განმავლობაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართება.

კვირის ამბები