საზოგადოება
26.01.2026 12:29
„განათლება მწვანე მომავლისთვის“ - კონკურსი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების და საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კონკურსი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ გამოაცხადა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.

რაც შეეხება მონაწილეობას, „განათლება მწვანე მომავლისთვის“ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.

„2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის (I - VI კლასი) მასწავლებლების გამოსავლენად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების მიღება დღეს, 26 იანვარს დაიწყო, ბოლო ვადა კი 2026 წლის 20 მარტია.

კონკურსი 2 ეტაპად გაიმართება. I ეტაპი განაცხადების შერჩევას, II ეტაპი განხორციელებული აქტივობების/პროექტების პრეზენტაციას მოიცავს.

ორივე ეტაპის შედეგების საფუძველზე სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს/მეთოდისტს „სპეციალური ჯილდო“ გადაეცემათ.

გამარჯვებული გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს - 5 ივნისს გამოვლინდება“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს ნომრებზე: +995 32 2 11 20 23 (განათლების სამსახური), 995 595 40 19 16 (თამარი პავლიაშვილი), 577 282 226 (ნანა დვალი).

კვირის ამბები