საზოგადოება
21.01.2026 16:34
ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მომდინარე წლიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა.

სახელმწიფო სერტიფიკატს გასცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული ვეტერინარული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უმაღლესი სასწავლებლების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისა და პრაქტიკოსი ვეტერინარებისგან.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სერტიფიცირება ხელს შეუწყობს, საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას; მოქალაქეთა და ცხოველების ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

„დაინტერესებულ პირებს ვეტერინარიის და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების, პროფესიული განვითარების წესის და პირობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: nfa. gov. ge.

ამ დროისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში სერტიფიცირება გაიარა 800 ვეტერინარმა და 444 ვეტერინარ-ტექნიკოსმა. აღნიშნული წესით გაცემული სერტიფიკატების მოქმედების ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები