
საერთაშორისო გამოფენაში - Anuga Select India 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს, 21 იანვარს დაიწყო.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 2026 წლის 4 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო გამოფენაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის (საქონლის ხორცის და საქონლის ხორცპროდუქტების გარდა) მწარმოებელ კომპანიებს.
„საერთაშორისო გამოფენა - Anuga Select India 2026 ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, 2026 წლის 29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
საერთაშორისო გამოფენა მინაწილეებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან. ღონისძიება დაინტერესებულ პირებს კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოფენაში 380-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა და 60-ზე მეტი ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი პროდუქცია. ვიზიტორების რაოდენობამ კი 21 ათასს გადააჭარბა“, - აცხადებენ სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.