
ზამთარში, ქუჩის ცხოველებისთვის სიცივის და სისველისგან დაცული თავშესაფრის მოძებნა და საჭმლის მოპოვება განსაკუთრებით რთულია.
როგორც შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში აცხადებენ, ეს პერიოდი მიტოვებული ცხოველებისთვის შიშის და სტრესის მომგვრელია, ამიტომ მათთვის უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს ვეტერინარები მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობენ.
„ზამთრის სეზონზე დაბალი ტემპერატურები და ნალექი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მიუსაფარ ცხოველებს - ძაღლებს და კატებს. ამიტომ საურველია, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
ცხოველები უზრუნველყავით სუფთა წყლითა და საკვებით (წყალი არ უნდა იყინებოდეს);
შესაძლებლობის ფარგლებში მოაწყეთ დროებითი თავშესაფარი - გამოიყენეთ მუყაოს ყუთი, ხის კონსტრუქცია ან თბილი მასალა და განათავსეთ ქარისგან დაცულ ადგილზე;
გაითვალისწინეთ, კატები ხშირად აფარებენ თავს მანქანების ქვეშ ან ძრავის ნაწილებთან - ამიტომ, ავტომობილის დაქოქვამდე გადაამოწმეთ;
თუ ცხოველი დაშავებულია ან ძლიერ დასუსტებული ჩანს, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 595 33 55 08.
ერთად შევუწყოთ ხელი მიუსაფარი ცხოველების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გავუზიაროთ ინფორმაცია ერთმანეთს. მოქალაქეთა თანადგომა მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველების დაცვისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.