
შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ვეტერინარული კლინიკების, აფთიაქების და ზოომაღაზიების შემოწმება მიმდინარეობს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, გასულ წელს სააგენტოს ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების გამომყენებელ კლინიკაში, ზოომაღაზიასა და ვეტაფთიაქში 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს, 28 სამართალდარღვევა გამოავლინეს და კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
„ვეტერინარული კლინიკების, აფთიაქების და ზოომაღაზიების კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება. აღნიშნული პროცესი შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება და მოვუწოდებთ მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.