საზოგადოება
16.01.2026 11:41
სოფლის განვითარების სააგენტო საერთაშორისო გამოფენაში - The Saudi Food Show 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო საერთაშორისო გამოფენაში - The Saudi Food Show 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღებას დღეს, 16 იანვარს, 12:00 საათიდან დაიწყებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი (გარდა ალკოჰოლური სასმელების, ღორის ხორცის და ღორის ხორცპროდუქტების) პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.

„საერთაშორისო ღონისძიებას - The Saudi Food Show 2026, 15 - 17 ივნისს ქალაქი რიადი, საუდის არაბეთი უმასპინძლებს და მონაწილე კომპანიებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიიღება 16 იანვრის 12:00 საათიდან 30 იანვრის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.

რაც შეეხება მონაწილეთა შერჩევას, მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს; წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები; არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა; არ ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობდა 1 300-ზე მეტი კომპანია 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ვიზიტორების რაოდენობამ კი 43 000-ს გადააჭარბა“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

კვირის ამბები