საზოგადოება
15.01.2026 13:12
სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს - მცირე სავაჭრო და ქსელურ მარკეტებს ამოწმებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სააგენტოს თანამშრომლები სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებენ, თუმცა, სეზონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში ამოწმებენ დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციის და განთავსების პირობები, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის დასახელების, ინგრედიენტების, მათ შორის, ალერგენების, საკვები საღებავის და სხვა დანამატების, წონის, შენახვისა და გამოყენების პირობების დატანას. გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 1200-ზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - აცხადებენ უწყებაში.
კვირის ამბები