საზოგადოება
15.01.2026 11:55
პლასტიკის მოხმარება 1-ელი აპრილიდან კიდევ ერთი რეგულაციით შეიზღუდება

გარემოს პლასტმასით დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციებს კიდევ აწესებს.

უწყების ინიციატივით, საქართველოს მთვარობის განკარგულების პროექტი შემუშავდა, რომლის თანახმად, პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმელის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ. განკარგულება არ ვრცელდება მხოლოდ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც თავდაცვის ძალების და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის ხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე აკრძალულია სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია.

ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა აუცილებელია გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

პლასტმასით დაბინძურების შესაფასებლად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. მსოფლიო ბანკის (World Bank) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მდინარე რიონის აუზის 13 უბანზე ჩატარებულმა შეფასებებმა დაადასტურა პლასტმასის ნარჩენების დომინირება ყველა ლოკაციაზე, ამასთან, დადგინდა რომ მდინარე რიონში ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე, ზოგიერთ უბანში თითქმის 4 ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5 ერთეული/მ²), რაც ხაზს უსვამს პრობლემის მასშტაბურობას და გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობას“,- აცხადებენ უწყებაში.

პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად მიღებული განკარგულება 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.

 

 

კვირის ამბები