საზოგადოება
14.01.2026 11:01
საერთაშორისო გამოფენაში - Caspian Agro 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყება

საერთაშორისო გამოფენაში - Caspian Agro 2026 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს, 14 იანვარს 12:00 საათზე დაიწყება და 28 იანვრის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და სხვა გამოფენის შინაარსის შესაბამისად მოქმედი კომპანიები.

„საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2026 5-8 მაისს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართება და მონაწილე კომპანიებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.

გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოფენაში სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია (28 ქვეყნიდან) მონაწილეობდა და 15 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

ცნობისთვის, 2026 წელს ქართული პავილიონის მოწყობა 10 ქვეყანაში, 11 საერთაშორისო გამოფენაზე იგეგმება და ქართული პავილიონების მოწყობა გათვალისწინებულია გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ინდოეთში, კატარში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კვირის ამბები