საზოგადოება
12.01.2026 12:17
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დოკუმენტის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.

„საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელები ვალდებულნი არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.

განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე, ასევე, განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრის და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

რაც შეეხება ახალი დოკუმენტის აღებას, დაინტერესებულ პირებს ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.

კვირის ამბები