საზოგადოება
09.01.2026 14:57
ჯანდაცის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს ფარგლებს გარეთ, 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

„ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ამიტომ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“, - ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები