საზოგადოება
08.01.2026 15:14
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ცხრა იანვარს დაიწყება

2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ხვალ, 9 იანვარს 10:00 საათზე დაიწყება.

ოლიმპიადა საქართველოს 64 ქალაქში გახსნილ 68 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება და მეორე ტურში წელს 7800-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულად ატარებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.

„დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილის და დროის თაობაზე მითითებულია მოსაწვევზე, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს გადასცემს. ტესტირებამდე, რეგისტრაციის გავლისას, მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს მოსაწვევი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი ან დაბადების მოწმობა ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მესამე ტურში ის მონაწილე გადავა, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მოსწავლეს შორის.

კვირის ამბები