საზოგადოება
07.01.2026 12:01
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ქრისტეს შობას ზეიმობს

7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს. საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.

წმინდა სახარების მიხედვით, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, იესო ქრისტე  ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც - ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მსგეფსია, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეუძლია.

საქართველოში, შობასთან დაკავშირებულ ტრადიციებს შორის ერთ-ერთი ალილოა - სასულიერო და საერო პირები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ, მოსახლეობას ქრისტეშობას ულოცავენ და სურსათს აგროვებენ. ალილოს  დროს შეგროვებულ ტკბილეულსა და საჩუქრებს სოციალურად დაუცველებს და შეჭირვებულ მოსახლეობას ურიგებენ.

 

კვირის ამბები