
გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სრულად მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო და შესაბამისი სამსახურები. დილიდან დაწყებულია დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენაც.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლექსო გორგაძის თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდა, რის საფუძველზეც, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეფერხებები არ შექმნილა, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.
„უხვთოვლიანობის გამო, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. გზების წმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება გორში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება, შესაბამისად, ქალაქის ტერიტორიაზე შეფერხებები არ გვაქვს. გზები გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებზე და შუქნიშნებთან. ქვერნაკის, ვერხვების აღმართებთან და მსგავს პრობლემურ მონაკვეთებზე, ასევე მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი.
უსაფრთხო გადადგილების უზრუნველსაყოფად გზები იწმინდება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებენ გზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიები“, - განაცხადა ლექსო გორგაძემ „გორის მაცნესთან“.