
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს და შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო სისტემების არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, განვითარების საჭიროებები განიხილეს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილვისას მუნიციპალიტეტების მიხედვით შეფასდა როგორც უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება და წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს და სამუშაოებს, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღინიშნა, რომ ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსავლიანობის ზრდას, ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესებას და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.