
რიკოთის 52 კმ-იან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე დღეს, 30 დეკემბრის შუადღიდან, მოძრაობა სრულად გაიხსნება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კმ-ის სიგრძისაა და 51 გვირაბს და 97 ხიდს მოიცავს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კმ და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის - 1 კმ და 362 მეტრი.
„ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, გზის ექსპლუატაციაში გაშვება კი 8 კმ-ით ამცირებს მგზავრობის მანძილს და გადაადგილების დროს ანახევრებს.
რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. საპროექო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.