
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რამდენიმე ათეული წელია, ახალდაბის საბავშვო ბაღი სოფელში არსებულ საერთო საცხოვრებელში ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე სააღმზრდელო დაწესებულება დაახლოებით 40 აღსაზრდელს ემსახურება.
რაც შეეხება მშენებლობის პროექტს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ერთსართულიანი შენობა 75 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი ეზოს და სათამაშო მოედნის სრულ კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 1 427 568 ლარს შეადგენს და პროექტის დასრულება მომავალ წელს იგეგმება.
„ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. ახალდაბაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობაც ამას ემასახურება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 64 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ვეცდებით, რომ ეტაპობრივად თითოეული დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოვაწყოთ. გორის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ახალი საბავშვო ბაღები უკვე აშენებულია. უახლოეს პერიოდში დაიწყება რეხის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციაც. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მომავალ წელს გორსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში (ხიდისთავი, მერეთი) ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იგეგმება.