საზოგადოება
26.12.2025 15:07
უქმე დღეებზე მართვის მოწმობის საგამოცდო და ავტომობილის განბაჟების ვადები გადაიწევს

მომსახურების სააგენტო უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ. შესაბამისად, იმ პირებისთვის, ვისაც კონკრეტულ სერვისებზე დადგენილი ვადები სწორედ აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ, თარიღები გადაიწევს.

კერძოდ, ვისაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდა, გასვლის უფლება 5 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით მიეცემა.

იმ პირს კი, რომელსაც შენახული/დაჯავშნილი აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურება შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდება 5 იანვრის ჩათვლით.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად 5 იანვარი განესაზღვრებათ.

კვირის ამბები