
შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენის პროცესი დაიწყო. მძღოლების ნაწილს, რომლებსაც მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ, დოკუმენტი უკვე გაუაქტიურდათ.
როგორც ცნობილია აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (publicdecisions. police. ge) აისახება. პროცესის დასრულება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს.
პირი, რომელზეც აღნიშნული სამართლებრივი შეღავათი გავრცელდა, ვალდებულია, ვებგვერდზე გადაამოწმოს ინფორმაცია მართვის უფლების აღდგენის თაობაზე.
გადასამოწმებლად ორი მეთოდით მოქმედებს: პირადი ნომრის და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომრის მითითებით და პირადი ნომრის და საჯარიმო ქვითრის/ოქმის/დადგენილების ნომრის მითითებით.
ამასთან, მოქალაქე ვალდებულია, მხოლოდ მას შემდეგ მართოს სატრანსპორტო საშუალება, რაც დარწმუნდება, რომ საქართველოს შინაგან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აისახა მისი მართვის მოწმობის გააქტიურებული სტატუსი.
შეგახსენებთ, 30 000-ზე მეტ ადამიანს, ავტომობილის ჩამორთმეული მართვის უფლება ერთჯერადად აღუდგება. პარლამენტმა მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.
შედეგად, კანონპროექტის სამართლებრივი შეღავათი გავრცელდება მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის.