
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველების რეგისტრაცია დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება აქვთ, რომ 21 იანვრის 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით (online1 . naec .ge /csig/)
გამოცდა ზოგად უნარებში 4 თებერვალს ჩატარდება.
„გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება:
იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.
თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა მიუთითოს სარეგისტრაციო ფურცელზე ამ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვ.) და წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 21 იანვრის 18:00 საათამდე“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, 100 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 21 იანვრის 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება.