
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავებმა დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ქალი დაკავებულია ჯაშუშობის ბრალდებით.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ დაკავებული ქალი საქართველოს მოქალაქე, ოკუპირებულ ახალგორში მუდმივად მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია, რომელმაც გუშინ მეგობრებს ტელეფონით უთხრა, რომ უცნობი პირები მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ, აღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ მეარაყიშვილთან კავშირი გაწყდა. გუშინვე, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, მეარაყიშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან შიმშილობის დაწყებას გეგმავდა „ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
აქვე გეტყვით, რომ მეარაყიშვილი ერთ წელზე მეტია ახალი პასპორტის აღებას ვერ ახერხებს, რაც მას გადაადგილებასა და დასაქმებაში პრობლემებს უქმნის. მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების ქმედებები სოციალურ მედიაში მის კრიტიკულ კომენტარებს უკავშირდება.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ეჭვმიტანილის თანამზრახველებისა და კავშირების დასადგენად ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქვე გეტყვით, რომ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით -„ჯაშუშობა“, 10-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეარაყიშვილმა შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა დე ფაქტო ქვეყნის უსაფრთხოებას.
რაც შეეხება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ოკუპირებულ ახალგორში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაუდასტურეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია.
აქვე შეგახსენებთ, რომ თამარ მეარაყიშვილს დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. პროკურატურა 2017-დან 2024 წლამდე რამდენჯერმე ედავებოდა სხვადასხვა საკითხზე. 2017 წელს მეარაყიშვილი ერთხელ უკვე იყო უკანონოდ დაკავებული.