
დღეიდან, 22 დეკემბრიდან, 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირება იწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს შეადგენს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები
„ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.
აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვები ახალი არ არის, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და 2013 წლიდან მოქმედებს. ახალი საგზაო ნიშნების განთავსება კი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მძღოლებმა აღნიშნული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღონ წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად.
ამასთან, მძღოლებს ვაცნობებთ, რომ დღეიდან, 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას“, - აცხადებენ უწყებაში.