
გორში სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია -„სპორტული გორი 2025“ გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 2025 წლის მიღწევები შეაჯამეს, წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს.
შედეგების მიხედვით, გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ.
წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2025 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი მერაბ სულეიმანიშვილი გახდა.
წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად ძიუდოისტი, კადეტთა შორის საქართველოს და ევროპის ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ქეთი რობაქიძე დასახელდა.
წლის საუკეთესო მწვრთნელი არჩილ ბარამიძე (ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლა) გახდა.
წლის საუკეთესო გუნდის ტიტული გორის „დილამ“ მოიპოვა, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს თასის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, გუნდი საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულიცაა.
„ფულადი ჯილდოები 100-ზე მეტ სპორტსმენს, მწვრთნელს და გუნდს გადაეცა. მოხარული ვარ, რომ წელსაც ბევრი მედალოსანი სპორტსმენი გვყავს. დარწმუნებული ვარ, მათი სახელებით კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ. მინდა, თითოეულ მათგანს მიღწეული წარმატება მივუულოცო, მადლობა გადავუხადო და კიდევ ბევრი გამარჯვება ვუსურვო“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ყოველწლიურად გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და გორის მერიის მხარდაჭერით იმართება.