
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ახალი სერვისი დანერგა და როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალი ვებ პლატფორმა ches.gov.ge არის ნებართვების ციფრული პორტალი, რომლის შექმნის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ყველა სერვისის ერთიან ელექტრონულ სივრცეში თავმოყრაა.
„ches.gov.ge - კულტურული მემკვიდრეობის სერვისების ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე ვებ გვერდი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად, გამჭვირვალედ და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიიღონ სააგენტოს ყველა სერვისი.
პლატფორმა ეტაპობრივად გააერთიანებს შემდეგ ძირითად სერვისებს: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების ნებართვა; დამცავ ზონაში ჩასატარებელი სამუშაოების თანხმობის წერილი; არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა და კულტურულ ფასეულობათა გატანა-შემოტანის ნებართვა.
პირველ ეტაპზე ამოქმედდა უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების ნებართვის მიღების ელექტრონული სერვისი. ვებ გვერდს სხვა სერვისები კი ეტაპობრივად დაემატება“, - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.