საზოგადოება
17.12.2025 15:55
სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე არსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ნედლეულის, მზა სურსათის შენახვის, დამზადებისა და რეალიზაციის სათანადო პირობები, ვადები, ეტიკეტირება, ჰასპის დანერგვა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც ბიზნესოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ.

სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, სააგენტოს ინსპექტორები გასცემენ რეკომენდაციებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ.

„სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები.

ობიექტების უმრავლესობა მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ უცხოელთა მიერ მოწყობილი საზოგადოებრივი კვების ობიექტების ნაწილი, რომლებიც გასულ წლებში არერთხელ მოექცნენ სანქციების ქვეშ, დღეს გამართულად და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ფუნქციონირებენ, თუმცა, არალეგალური საქმიანობა კვლავ გამოწვევად რჩება, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მიმდინარე წელს, სახელმწიფო კონტროლი 7000-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტში ჩატარდა, გამოვლინდა 1600-მდე სამართალდარღვევა.

კვირის ამბები