
ექთნებისთვის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობის აკრძალვა 2027 წლის ივლისამდე გადავადდება.
პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის, ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე (საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირის), საქმიანობის აკრძალვის ამოქმედების თარიღი გადავადდება.
„სერვისის მიმწოდებელი სექტორისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების სრულად ამოქმედების ამჟამად განსაზღვრული ვადების შენარჩუნება, დამატებითი წნეხის მომტანია და მოსალოდნელია, მწვავე პროფესიული დეფიციტი შეიქმნას. შესაბამისად, მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივება და, ერთი მხრივ, მიმდინარე ეტაპზე სექტორის ამ წნეხისგან გათავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ექთნების და მეან-ექთნების კვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბების მნიშვნელობის აღიარება, განაპირობებს ამ ორ საჭიროებას შორის გონივრული ბალანსის დადგენას. აღნიშნული და სხვა გარემოებების გათვალისწინებითაც, საჭიროა კანონის ამოქმედებისთვის დადგენილი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება, რომ რეგულაციების ამოქმედების პირობებში, უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის მზაობა", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია, რომ ექთნები, დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე საქმიანობის შემთხევაში, 2027 წლის ივლისიდან ადმინისტრაციული წესით - 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმებოდა.