საზოგადოება
16.12.2025 13:13
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დასრულდა - პროგრამის შედეგები გორში შეაჯამეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები შეაჯამა.

შეხვედრას, რომელიც გორში გაიმართა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები გიორგი ავალიანი და გიორგი მაზიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი და პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 15-მა საწარმომ 40 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 12 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. სახელმწიფო სუბსიდია კი 4 მლნ ლარზე მეტია.

რაც შეეხება განხორციელებულ სამუშაოებს, პროგრამის ფარგლებში, ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემდა.

შეგახსენებთ, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებდა.

კვირის ამბები