
გორის სპორტის სასახლემ ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლა.
სპორტული აქტივობა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მოჭიდავეები პირველობისთვის 80 კგ; 90 კგ; +100 კგ. და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
2025 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავანი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიორგი ჩაგელიშვილი გახდა. სპორტსმენმა ფინალში საბა ინანეიშვილი დაამარცხა. ნიკა სიდამონიძე კი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორია.
გამარჯვებულები 80, 90 და +100 კგ. წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ.
80 კგ წონითი კატეგორიის ოქროს მედალს დავით გოდერძიშვილი დაეუფლა, ვერცხლის მედალი კობა აკოფაშვილმა მოიპოვა, ერეკლე ოძელაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი.
90 კგ. წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი სოსო ებილაშვილის ანგარიშზეა, ვერცხლის მედალს ვაჟა ავაზნელი დაესაკუთრა, ბაქარ ერაშვილმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
+100 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონობა საბა ინანეიშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი გიორგი ბადუაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულად პრიზებთან ერთად, შესაბამისი ხარისხის დიპლომები, თასები და მედლები გადაეცათ.
საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა პირველად 1928 წელს ჩატარდა.