საზოგადოება
15.12.2025 14:23
ძლიერი ქარის შედეგად შიდა ქართლში ინფრასტრუქტურა დაზიანდა

მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ძლიერი ქარით გამოწვეული ზიანის შედეგად შეწყვეტილი ჰქონდა ბუნებრივი აირის მიწოდება, ამ დროსითვის, ეს პრობლემა სრულად აღმოფხვრილია, რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, დენი არ მიეწოდებოდა 45 000 აბონენტს, ამ ეტაპზე, დენის გარეშეა დარჩენილი მხოლოდ 550-მდე აბონენტი, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ჯგუფები მუშაობენ და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ყველა აბონენტს აღუდგება დენის მიწოდება, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში სიმონ გულედანმა განაცხადა.

გულედანის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, ნაწილობრივ დაზიანდა ერთი სკოლის შენობის სახურავი, ასევე - ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები.

,,საკმაოდ ძლიერი ქარი იყო რეგიონში, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში დაზიანდა ინფრასტრუქტურა - საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, რამდენიმე ლოკაციაზე ხეები წაიქცა, რამაც დამატებითი სირთულეები გამოიწვია, ამასთან, ერთი სკოლის შენობის სახურავი დაზიანდა ნაწილობრივ, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები.

შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინირებულად, მთელი რიგი სამსახურების ჩართულობით, ინტენსიურ რეჟიმში, დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი სამუშაოები.

ძლიერი ქარით გამოწვეული ზიანის გამო, რეგიონში დენი არ მიეწოდებოდა 45 000 აბონენტს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 44 000-ზე მეტ აბონეტს აღუდგა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ამ დროისთვის, დენის გარეშე მხოლოდ 550-მდე აბონენტია (კასპში-150, ქარელში-350 და ხაშურში-50) დარჩენილი, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ჯგუფები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებაზე და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე, ყველა აბონენტს აღუდგება დენის მიწოდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, აღდგენილია დაზიანებული მილები და შეუფერხებლად ხდება გაზის მიწოდება.

ფაქტობრივად, ვიმყოფებოდით ყველა დაზიანებულ უბანზე, ადგილზე გავეცანით მდგომარეობას და მოსახლეობის საჭიროებებს. პირველი ეტაპისთვის აუცილებელი, გადაუდებელი პრობლემები აღმოფხვრილია, თუმცა, ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზიანის სრულად ლიკვიდაციის მიზნით საჭირო სამუშაოები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე გრძელდება“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კვირის ამბები