
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებენ.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა, ამიტომ გაძლიერებული მონიტორინგი ხორციელდება.
„წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე – ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები გატარდება. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.