
ვაჟა-ფშაველას სახელობის IX საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველოს დაცული ტერიტორიები და ფრინველების მიმოფრენა“ - დასრულდა.
დასკვნითი ღონისძიება-კონფერენცია IX საჯარო სკოლაში გაიმართა და ეკო-კლუბის წევრებმა საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს.
პროექტი, რომლის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, ფრინველთა მიმოფრენის პროცესის უკეთ შესწავლის მიზნით, კოლხეთის ეროვნული პარკი და კრწანისის დაცული ტერიტორიები მოინახულეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
მონაწილეები გაეცნენ საქართველოს დაცული ტერიტორიების თავისებურებებს, მნიშვნელობას, ვირტუალურად „იმოგზაურეს“ სხვადასხვა ეროვნულ პარკში, ასევე, გაეცნენ ქვეყნის ფლორას და ფაუნას, ხოლო სპეციალისტებისგან გადამფრენი ფრინველების ცხოვრების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
როგორც გორის მერიაში აღნიშნეს, საგანმანათლებლო პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული პარკების ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით კი, გადამფრენი ფრინველების დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ეკოტურიზმის მხარდაჭერა და ბუნების დაცვის იდეების პოპულარიზაციაა.