
ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულმა დევნილებმა და ეკომიგრანტებმა ტრანსპორტირების ხარჯების დასაფინანსებლად განაცხადი დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
პროგრამის ბენეფიციარებს საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლებლამდე და პირიქით გადაადგილების ხარჯი (სასწავლო პროგრამაზე დასწრების მონაცემების გათვალისწინებით) თვეში არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით აუნაზღაურდებათ.
„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მხრიდან ანაზღაურდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ღირებულება. კერძო ტრანსპორტის (ტაქსი) ხარჯი კი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი შშმ პირია და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემურია ან/და მის მარშრუტზე არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც დადასტურდება მუნიციპალიტეტის მიერ.
განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: განმცხადებლის პირადობის/პასპორტის ასლი; ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, სადაც სურს ჩაირიცხოს ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი შშმ პირია და ითხოვს კერძო ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯის ანაზღაურებას შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და სხვა)“, - აცხადებენ უწყებაში.