
მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განაცხადი შესაბამის უწყებაში აქვთ წარდგენილი ან რეფორმის დასრულებამდე წარადგენენ, საჯარო რეესტრი უფასო მომსახურებას გაუწევს.
იმ შემთხვევაში კი თუ დაინტერესებულმა პირებმა, ობიექტური მიზეზების გამო, 2022-2025 წლებში ვერ ისარგებლეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით, შესაძლებლობა მიეცემათ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში სპორადული წესით წარადგინონ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული საამზომველო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. სახელმწიფომ მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ აზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი და მესაკუთრე საქართველოს 1 469 581 მოქალაქე გახდა.
„მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2026 წლის 1-ელ იანვარს სრულდება, თუმცა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ყველა განაცხადი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებსა და ვებპორტალზე slr. napr. gov. ge აქვთ წარმოდგენილი ან რეფორმის დასრულებამდე წარმოადგენენ, საჯარო რეესტრი მომდევნო წელს სისტემური რეგისტრაციის რეფორმის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს და კანონით გათვალისწინებულ უფასო მომსახურებებს გაუწევს“, - აცხადებენ საჯარო რეესტრში.
შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას მთელი ქვეყნის, (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ახორციელებს.