
სურსათის ეროვნული სააგენტო, წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ მოწმდება ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ინვენტარი, სურსათის დამზადების, შენახვის და რეალიზაციის პირობები, ასევე, ნედლეულის ვარგისიანობის ვადები.
„ინსპექტირების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინსპექტორები შემოწმებასთან ერთად, უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ. შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში კი ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და საზოგადოების ინფორმირება დარღვევების თაობაზე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.