საზოგადოება
10.12.2025 14:08
რა უნდა იცოდეთ ონლაინ პლატფორმაზე სურსათის შეძენისას

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მომხმარებელი ზოგჯერ უნებურად ხდება არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული საეჭვო სურსათის რეალიზაციის ხელშემწყობი და არსებობს რისკი, რომ საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს ურჩევს: სურსათის რეალიზაციის სანდო ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული უნდა იყოს სურსათის რეალიზატორის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები (ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და სხვა);

სურსათის შეძენისას, გამოიყენეთ სანდო პლატფორმები - რეგისტრირებული ონლაინ მაღაზიები ან სუპერმარკეტები;

„სურსათის ეტიკეტებზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლებს არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. შესაბამისად, ონლაინ პლატფორმაზე სურსათის რეალიზაციისას უნდა იძებნებოდეს შემდეგი ინფორმაცია: დასახელება, ინგრედიენტები (მათ შორის, ალერგენები), წონა, შენახვის და გამოყენების პირობები, მწარმოებელ/დისტრიბუტორის ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი; სურსათის გამოყენების ინსტრუქცია (თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება), ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ და დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი.

მომწოდებლისგან მიღებულ სურსათზე, ასევე, შეამოწმეთ სურსათის ეტიკეტი, ვარგისიანობის ვადა და დამზადების თარიღი, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მაღალი რისკის სურსათის (ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი და ა.შ) შეძენისას, გადაამოწმეთ მისი ტრანსპორტირების პირობები (ტემპერატურული რეჟიმი);

დაუფასოებელი სურსათის (მაგ. ხორცი, თევზი, შემწვარი და შესაწვავი ქათამი, გოჭი, ინდაური და სხვა; მზა კულინარული ნაწარმი და სხვა) დისტანციური რეალიზაციისას, სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს გარე შეფუთვაზე და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სურსათის გადაცემის (მიწოდების) დროს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

სურსათის ონლაინ შესყიდვისას ან მოწოდებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე: 1501

კვირის ამბები